ბოჰემა
ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა
სა-მშობ-(ე)ლო... საოცრად ტევადი სიტყვაა! იგი ჩემთვის თბილისიდან იწყება, რადგან ჩემი მშობლების სამყოფი, ჩემი დაბადების ადგილია!.. მაღელვებს მისი სიხარულიცა და დარდიც, წინსვლა და ჩამორჩენა, ახალმშენებლობა, ფერი, შადრევნებისა და ძეგლების თავგადასავლები...…
ერთხელ მშობლიური ლიტერატურის გაკვეთილზე ძველ თბილისზე ვსაუბრობდით. მასწავლებელმა იოსებ გრიშაშვილის ლიტერატურული ბოჰემის წაკითხვა შემოგვთავაზა.
ასი გვერდის კითხვა მოვალეობის გამო დავიწყე. არც მეგონა, თუ ასე დავინტერესდებოდი!... მერე სურვილიც გამოჩნდა, რომ სხვათათვისაც მეამბნა (მოკლედ, რა თქმა უნდა).
ბოჰემა ფრანგული [Bოჰემე] წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს მსახიობთა, მუსიკოსთა, მხატვართა და მწერალთა დაუგეგმავ, უთავბოლო ცხოვრებას.
ბოჰემური ცხოვრების ჩვენება გარვეულ ადგილს იკავებს ამა თუ იმ ქვეყნის პოეზიაში. ხშირ შემთხვევაში მწერლები უმღერიან უდარდელსა და უწესრიგო ცხოვრებას.
ბოჰემა შეიძლება იყოს, როგორც ინტელიგენტური, არისტოკრატული, ასევე ხელოსნური, ქალაქური. ასეთი გახლდათ ე.წ. ყარაჩოღლური პოეზია თბილისელი ხელოსნებისა, რომელთაც ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება ახასიათებდათ.
სწორედ მათი ყოფაა აღწერილი იოსებ გრიშაშვილის წიგნში ,,ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა’’.
XIX საუკუნის საქართველოში რამდენიმე მსხვილი დასახლება იყო, მაგრამ მათ მხოლოდ სიტყვა ,,ქალაქით’’ არ მოიხსენიებდნენ: უნდა თქმულიყო ,,ქალაქი ქუთაისი,’’ ,,ქალაქი ბათუმი”. თბილისში წამომსვლელი კი იტყოდა – ქალაქს მივდივარო და ყველასთვის გასაგები იყო, რომ დედაქალაქი იგულისხმებოდა.
ტფილისი ადრე ვახტანგ გორგასლის მიერ გაშენებული სოფელი გახლდათ. განცვიფრებულია დამაარსებლის გამჭრიახობით იოსებ გრიშაშვილი, რადგან ტფილისი ერთსა და იმავე დროს იცავს კახეთის ფლანგს, ქართლის ფრონტსა და მესხეთის ქედს. ასეთი დიდებული მდგომარეობის გამო სოფლური დასახლება თანდათანობით ქალაქად გადაიზარდა.
ქართველები მეტისმეტად სტუმართმოყვარენი გახლავართ და ჩვენს გვერდით დამკვიდრდნენ: ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანლები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ქურთები...
გაჩნდა უბნები: თათრის მოედანი, კლდის უბანი, ავანაანთ ხევი, ლეღვთა ხევი (ახლა ბოტანიკური ბაღი), ისნის ყელი, პატარა და დიდი სირაჩხანა, მეტეხის ორივე ხიდი ფარგლები, აბანოების მიდამო, სეიდაბადი, ორთაჭალა, ხარფუხი და მისი მიჯნა – განჯის კარი...
სავაჭრო ცენტრად თათრის მოედანი ითვლებოდა. იქ მიდიოდა ფქვილი, ხორბალი, ბრინჯი, საზამთრო, მასხალი, ყველი, მატყლი, ერბო, კვერცხი, კარტოფილი, კარაქი, მარილი, ბოსტნეული-მარნეულიდან, დურნუკიდან, შორაგალიდან, ყარაიაზიდან, არდაშიდან, ზაქათალიდან, დუშეთიდან, მანგლისიდან ბორჩალოდან და სხვ.
სოფლებიდან მოტანილი საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებთ უნდა ეყიდათ, შემდეგ ქორ-ვაჭრებს. ჭრელ მაღალ ბოძზე ბაირაღი როცა იყო აღმართული, მცხოვრებლებს უნდა ევაჭრათ. ხოლო, 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და სოფლელთა აღებ-მიცემობა იწყებოდა(დიდებულია არა?).
თბილისური მეტყველება განსხვავებული იყო ყოველთვის, რასაც მრავალეროვანი მოსახლეობა და მტერთა თავდასხმები იწვევდა. ლიტერატურულ ენას შეერია თათრული, სპარსული, არაბული, სომხური, ლათინური, შემდეგ რუსული...
ენის წახდენას, ყველაზე მეტად ვაჭრები უწყობდნენ ხელს. მათ მიაჩნდათ, რომ განათლებულობის დასამტკიცებლად საჭირო იყო რუსული სიტყვების გამოყენება, მაგ. შეიძლება მოგესმინათ ასეთი ნაამბობი: ,,პრისტავმა გადაარჩია ოთხი საროჩკა სხვადასხვა ცვეტისა: ლილოვი, გალუბოვი, კარიჩნივი, სირენივი. ბუმაგაში გაახვევინა და ჩაიდო ვეშჩებით გატენილ საკვოიაჟში”. საბრალო ჩემი ენა! თუმცა, არა, საბრალო კი არა ყოჩაღი, მებრძოლი, გამტანი, სიცოცხლისუნარიანი (მის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ მწერლებს)!
დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობა, რომელთაც განათლების საშუალება არ ჰქონდათ, მცირეწლოვან შვილებს ხელობის შესასწავლად ბალღობიდანვე მიაბარებდნენ ხოლმე შეგირდად, რომელიმე ოსტატს, რომ ,,ერთი ლუკმა პური” მუდმივად ჰქონოდა და, როგორც ამბობდნენ, ,,კაცი გამოსულიყო”. მიაბარებდნენ კარგ ხელოსანს და ეტყოდნენ: ,,ძვალი ჩემი, ხორცი შენი – გამიზარდე შვილი, ოსტატო!”
ხელოსნები ერთიანდებოდნენ ერთ ჯგუფად, რომელსაც ,,თაბუნი” ან ,,ასნაფიცი” ერქვა. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის აზრით, VI საუკუნეში მცხეთასა და თბილისში გამოჩნდნენ სპარსი ხელოსნები. ისინი თანამოსაქმეებს უწოდებდნენ ,,ჰამქარს”. ამ უკანასკნელმა სიტყვამ ქართული განდევნა ,,ჩვენ ხომ ყველაფერი უხოური მოგვწონს)!
ამქარს ჰყავდა გამგეობა, რომელსაც უსტაბაში (ოსტატთა თავი) ხელმძღვანელობდა; ჰქონდა საკუთარი დროშა, რომელზეც გამოხატული იყო ფირი (ღერბი, ემბლემა). ჰაყავდათ მფარველი წმინდანი, ჰქონდათ წესდება. ხელობას 5 – 6 წელი სწავლობდნენ.
შეგირდს აკურთხებდნენ და უწოდებდნენ ქარგალს – ანუ მცოდნე ხელოსანს. ოსტატი კი ასე დალოცავდა: ,,ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი. ღმერთმა, როცა ყველა სულდგმული გააჩინა, ბრძანა, შრომითა და რუდუნებით ისაზრდოვეო. ღმერთმა გაშოროს შური და სიბოროტე ხელქვეითებისადმი. მორჩილო და ნამუსიანო შეგირდო! დღეის შემდეგ ატარებ ხელოსნის სახელს. სოლომონ ბრძენი და წინასწარმეტყველები, მოციქულები და ყველა წმინდანნი ჰქადაგებდნენ, რომ ადამიანმა მხოლოდ პატიოსანი შრომით უნდა იცხოვროსო”.
ამქრები უანგაროდ ეხმარებოდნენ ქვრივ-ობლებს.
ამქრობა ყარაჩოღელთა კულტი იყო.
ყარაჩოღელი წარმოსადეგი პიროვნება გალდათ – მხარბეჭიანი, ბრგე და პირბუდაღი; შავ ჩოხაში მორთული, შიგნით წითელი აბრეშუმის პერანგით, შავი ატლასის წვრილნაოჭიანი ახალუხით, განიერი შარვლით, ქოშებით ან წაღებით, ვერცხლის ქამრით, ქამარში – მწვანე ბაღდადით, გარიბალდის ქუდით, ვერცხლის ჩიბუხით, ქისა წეკოთი...
ყარაჩოღელის გადაგვარებულ სახეს კინტო ეწოდა (კვინტო ძველად კუდიანს ნიშნავდა). მას ვაჟკაცური არაფერი ეცხო: ჩიკორა, თვალმანკი, დაწინწკლული ჩითის პერანგიანი, გვერდზე შესაკრავი საყელოთი შავი ახალუხით, განიერი შარვლით, ქეჩის ქუდით ან ,,კოზინოკიანი შლიაპით”, უქუსლო ჩუსტებით, გულზე ძეწკვიანი საათით, წელზე აბრეშუმის სარტყლით ან ვერცხლის ვიწრო ქამრით, ქამარში უბრალო ხელსახოცით, ჩოხას არ ხმარობდნენ...
ყარაჩოღლის სიტყვა თამამი იყო და გულუბრყვილო. კინტოს მეტყველება – გაცვეთილი ფრაზები, შაბლონური, მშიშარა, ლაქუცა, მატყუარა.
ყარაჩოღელი იმდროინდელი მოქალაქეა, როცა ,,ქართლის ცხოვრების” სიტყვით: ,,ქალაქი ტფილისი ჯერეთ არა სრულიად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებასა”. ყარაჩოღელი სინთეზია ქასრთული და აღმოსავლური ქვეყნების ურთიერთობისა.
კინტო კი ბაზრის წიაღში შეიქმნა, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო! კინტო ცუღლუტია და მცირე უნარისა.
გარდა აღმოსავლური სახისა, თბილისი ევროპულსაც ატარებდა. ლევ ტოლსტოი წერდა: ,,თბილისი ჰგავს პეტერგბურგსო”.*
წინსვლა საერთაშორისო ცხოვრებისთვის ფეხისაწყობა, მოგეხსენებათ, დიდებული რამაა, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ ზომიერების გრძნობა გვღალატობს! ამიტომ იყო, შეშფოთებული ილია რომ წერდა: ,,თითქოს ჩვენები აბარგებულან, გახიზნულან და სხვები დასახლებულან. გული გულს აღარ ეკარება და სურვილი – სურვილსა. ლეჩაქი რა არის, ლეჩაქიც კი ვეღარსად დაგვინახავს, თითქოს ნამუსთან ერთად ისიც მოუხდიათ და გადაუგდიათ”.** (დღევანდელობა ხომ არ გენიშნა მკითხველო?!)!
ძველ თბილისს მრავალი ეგზოტიკური გასართობი ჰქონდა. ერთ-ერთი გრანდიოზული სანახაობა გახლდათ ყეენობა (იგი გარეგნულად ევროპულ კარნავალსა და მასკარადს წააგავს).
ყველიერის უკანასკნელ დღეებში თბილისის უბნების – ავლაბრის, ნარიყალას, ჩუღურეთის მოსახლეობა, ფეიქრები, ხელოსნები, მჭედლები ემზადებოდნენ ,,ყეენობისთვის”: აკეთებდნენ ხმლებს, ხანჯლებს, საცერე რგოლებს, შურდულებს. ქალაქი იყოფოდა ორ უბნად. ,,ყეენი” შემოდიოდა ისნიდან, ,,დაიპყრობდა” ქალაქს, ,,ჩააყენებდა” თავის ხალხს. ყეენი კარიკატურულად იყო გამოწყობილი და უკუღმა (პირშექცევით) იჯდა ვირზე.
* ,,Письма Л. Н. Толстого”, 1910წ. გვ. 13.
** ილია ,,ქართული წიგნის გამოცემა’’, ტ. III, გვ. 309.
ყეენი ენამოსწრებული და ოხუნჯი უნდა ყოფილიყო. თავზე შაქრის ქაღალდის ქუდი ეხურა, ხმლის ნაცვლად ქაფქირი ეჭირა, მეორე ხელში – ჟანგიანი შამფური, რომელზეც ხახვი იყო წამოგებული, სახე გამურული. თანმხლებნი ხმაურით, ზურნის ჭყვიტინით მისდევდნენ. ხელჯოხიანები ხალხს ,,ხარკს” ახდევინებდნენ. ყველა მოვაჭრეც კი ვალდებული იყო ,,გადაეხადა” (ყეენობა ,,მუნდირების ეპოქამ” გადააგვარა).
ნაშუადღევს ყეენს მტკვარში ,,გადააგდებდნენ”. იგი განბანილი გამოვიდოდა და ყველასთან ერთად შეგროვილი ფულით მთელი კვირა ილხენდა.
ქალაქის მეორე საჯარო გასართობი კრივი გახლდათ. იგი კვირაობით იმართებოდა ყველიერის ბოლო დღეებსა და ნათლიღების მეორე დღეს, კვირაცხოვლობას. ჯერ პატარები, 18 – 20 წლისანი ასპარეზობდნენ, მერე 25 – 30 წლისანი.
კრივი მრავალგვარი იყო: მუშტის, ხრიდული (ცალი ხელით), სალდასტი (ქვის სროლით).
თბილისის განუყრელი კოლორიტული სახე გახლდათ გოგირდის აბანოები. აბანო ყარაჩოღლისთვის ბოჰემის შემადგენელი ნაწილი იყო. უიმისოდ ქეიფი არაფრად მიაჩნდათ. იგი ხშირად, სოფლიდან ჩამოსულთათვის სასტუმროს მოვალეობასაც ასრულებდა.
ქალებს კვირის რამოდენიმე დღე ეთმობოდათ. ისინი იქ ლამაზდებოდნენ, სუფთავდებოდნენ, სამკაულებს აჩენდნენ და სარძლოებს არჩევდნენ.
აბანოში შეკრებილი ყარაჩოღლები სახელდახელო სუფრაზე საოცარ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ, მაგალითად: ,,ეს გაუმარჯოს იმ მებაღეს, ვენახში რომ გაივლის, დაწოლილ ვაზს შემჩნევს, წამოაყენებს, ახეირებს, ნაყოფს გამოაღებინებს, დაჰკრეფს, დაწურავს, დალევს და სხვასაც დაალევინებს”.
ისმოდა არაჩვეულებრივი ქალაქური ანდაზები: ,,აქლემი და გალია?!” ,,იმდენი ნამუსი აქვს, რამდენიც ქათმის კვერცხს ბალანი”. ,,დილის ლუკმა ცოლის მზითევს სჯობიაო”. და სხვ.
მზითევზე გამახსენდა... მას ქალის გარეგნობაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ(ჩამონათვალი ხშირად რამდენიმე თაბახს ავსებდა).
ქორწილების, ხატობებისა და ქალაქური ზეიმების მშვენება იყო აშუღი, ანუ პოეტი, რომელიც ექსპრომტად თხზავდა ლექსებს.
მდაბიო ხალხი ორთაჭალის ბაღში ერთობოდა, ევროპულად გაზრდილნი მუშთაიდში. ზამთრობით ყავახანებში იკრიბებოდნენ.
აშუღური ადათებიდან გამოირჩეოდა მოძრავი თეატრი – ნაღლი, ანუ ზღაპარი. მასში მოთხრობილი იყო კეთილი და ბოროტი გმირების თავგადასავალი ან ბიბლიური თემები. აშუღები საკუთარ შემოქმედებას არასოდეს წერდნენ, გონების ფირფიყაზე ატარებდნენ. აი ერთი თბილისელი პოეტის ხოელია ყაზახელის ერთი სტროფი:
,,მე შენი ხვევნა გამიხდა ძნელი,
ეშხით შემლახე, გამიხდი მკვლელი,
სალოცავი ხარ, ხატი ცხოველი,
მეშენს კარებზედ სამღვთოდ მოველი”.
სიმღერები ზეპირად დაგაეცემოდა თაობიდან თაობას. აკადემიკოსი ნიკო მარი წერდა: ,,ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ძლიერ ეხმარებოდა საეკლესიო დღესასწაულები...” ამ დღესასწაულებზე საქართველოს ყოველი კუთხიდან იკრიბებოდნენ საუკეთესო მომღერლები და სახალხო მგოსნები (მესტვირე, საზანდარი).
ნაღლის შინაარსი ქალაქში განსხვავებული იყო:
I აშუღი: _ რა ჰკიდია ციდან მიწამდე?
_ ვინა Mმშვიდდება ყველაზე ადვილად?
_ რა გადადის ხელიდან ხელში?
II აშუღი: _ ციდან მიწამდე ჰკიდია წვიმა.
_ ყველაზე ადვილად მშვიდდება ბავშვი.
_ ხელიდან ხელში გადადის ფული.
ეს ჭკუის სავარჯიშო, საპაექრო დიალოგები სავსე იყო მოულოდნელობებით. მოსწრებული პასუხები ხალხში დიდ აღტაცებს იწვევდა, რადგან ,,მუქთად” ისმენდა აზრებს კაცთმოყვარეობაზე, სიკეთე-სიავეზე, პატიოსნებაზე, ერთობა-სიყვარულზე და სხვ.
ყველაზე განთქმული იყო ყარაგიოზას თეატრი – ბნელ ოთახში თეთრ ტილოზე მოძრავი ჩრდილებისა და მთხრობელის თეატრი.
ხალხის გონებრივ მოთხოვნილებებს თბილისში გამოცემული წიგნებიც ემსახურებოდა. გამომცემლობას რედაქტორობდა და მფარველობდა პეტრე უმიკაშვილი.
იმ დროს განსაკუთრებით მოსწონდათ ,,ბეჟანიანი”, ,,ალექსიანი”, ,,ქალვაჟიანი”, თეიმურაზ მეფის ,,ვარდ-ბულბულიანი”, ,,ვისრამიანი”, ,,რუსუდანიანი” და სხვ.
თბილისელ მოსახლეობას ძალიან მოსწონდა ბესიკის, საიათნოვას, ალ. ჭავჭავაძის, ჰაზირას, განჯისკარელის, იეთიმ-გურჯის, ბეჩარას, ფერშანგიშვილის, გივიშვილის (იგივე რიჟაოღლიანის) ლექსები.
გივიშვილი გახლდატ ავტორი რამდენიმე წიგნისა, რომელთა თემა მრავალნაირია: ადამიანის მოვალეობა, სიყვარული, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ძმობა, მეგობრობა:
,,მე იგი მწამს, ვინც რომ ძმობა
დააწესა ჩვენთვის წესად,
თავს გავიხდი აბედათა,
ძმა კაცისთვის დასაკვესად.
მისი ლხინი – ლხინად მიჩანს,
მისი კვნესა – ჩემთვის კვნესად,
ეს არის და ეს იქნება
ამ ჩემს გულში დასათესად”.
ახალმა ეპოქამ ახალი აზრები და ახალი იდეები წარმოშვა ქალაქში. მიივიწყეს ყარაჩოღლური რომანტიკა, გრძნობას გონებრივი მსჯელობა გაეჯიბრა. ხელოსანი და მუშა პოეტები სიტყვის სილამაზეს, ლექსის საერთო აღნაგობას იმდენ ყურადღებას არ აქცევდნენ, რამდენსაც ,,მაგარ” სიტყვებსა და რევოლუციურ ლოზუნგებს.
ამგვარად წერდნენ:
დავითაშვილი – დურგალი, მეჩუქურთმე.
მ. გორდაძე – საპნის ქარხნის მუშა
გ. ხეჩუაშვილი – სტამბის მუშა.
ნ. ნოშრევანიძე – თერძი.
დ. ნინოწმინდელი – მჭედელი.
მ. ლელაშვილი – პაპიროსების მკეთებელი.
და სხვ.
აი ერთი სტროფთაგანი:
,,მიწის შვილი მიწას ვუმღერ,
ვარსკვლავებს არ ვეწოდები,
ხალხმა მშობა, ხალხზედა ვწერ,
მათ ცხოვრებას ვუკვირდები”.
ძველი თბილისის ყველა ფენის ადამიანს ერთად ხიბლავდა იეთიმ გურჯის პოეზია.
,,იეთიმ – გურჯი” ნიშნავს ობოლ ქართველს. ხარფუხელმა უდედმამო ბიჭმა, რომელსაც სკოლა არასოდეს უხილავს, წერა-კითხვა თავისით ისწავლა, ვრცელი პოემით ,,ანაბაჯით” დაიპყრო თბილისელთა გული, სმენა, გონება.
ვახტანგ კოტეტიშვილმა იეთიმი ფიროსმანს შეადარა... აბა მოუსმინეთ:
,,ჩემო ხატო! ჩემო ღმერთო!
შენს სურათზე სანთლად ვენთო;
გთხოვ წყალობა გაიმეტო,
ლამაზების პრეზიდენტო!”
იეთიმ-გურჯი რუსთაველის შვილობილად და მეორე საიათნოვად აცხადებს თავს.
იეთიმი სპარსული პოეზიის შვილია:
,,მე ახალი დარდი მიყიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია”.
იეთიმმა თუ თავად მოახერხა წერა-კითხვის სწავლა, პოეტმა ბეჩარამ მხოლოდ ჯვრის დასმა იცოდა. ბეჩარას შემოქმედება მთლიანი სიმღერაა. მას არ დაუბეჭდავს წიგნი, მაგრამ თბილისში ყველა დაირის დამჭერმა მისი ლექსები ზეპირად იცოდა: ,,ვერ მიმღერია”, ,,მანდ ეგდე”, ,,არ მიკვირს”, ,,რა ოინია” და სხვ.
საიათნოვას სახელოვანი მემკვიდრე იყო თბილისელი პოეტი ჰაზირა. იგი, როგორც ამქრის უსტაბაში, კრებდა შეგირდებს (ხშირად უსინათლოებს), ასწავლიდა სიმღერას, დაკვრას, არქმევდა ზედმეტ სახელებს, ამღერებდა და აღებული ფულით ღარიბ-ღატაკებს ეხმარებოდა.
მოუსმინეთ ჰაზირას:
,,არ მიყვარს, არა, არ მიყვარს,
კაცი ორპირი, ცბიერი,
არც შევჭამ მე იმის პურსა,
თუ გინდ ვკვდებოდე მშიერი.
არ გავცემ ხმასა გულახდით,
არ გაიღვიძოს მძინარემ,
არც იმის ხიდზე გავივლი,
თუ გინდ დამახრჩოს მდინარემ!”
ჰაზირას მუხამბაზი ,,მარტის თვე” ალეგორიულად გამოხატავს მეფის რუსეთს, რომელიც ჰქუსლავს თავისუფლებისმოყვარე ხალხს. ამ ლექსისთვის იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს...
ჰაზირას ლექსები ძველი თბილისური ტემპერამენტის უკანასკნელი აკორდები იყო...
მოკვდა ჰაზირა და დამთავრდა ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა...
აღელვებულმა გადავფურცლე იოსებ გრიშაშვილის თხზულებათა III ტომის, 330-ე გვერდი. მეც ავტორივით დამწყდა გული, რომ აღარავის აინტერესებს ,,ლოპიანას დარდები”, გოგირდის აბანოებში გამართული ლხინი... ანთებული სანთლებით ქუჩებში სიარული...
მეც მიყვარს თბილისი...
მეც მსურს ვთქვა:
,,მეგობრებო, მწერლებო, პოეტებო, ნუ დავუთმობთ თბილისს მხოლოდ არქეოლოგებს... ნუ მოვსპობთ ძველს მთლიანად! დავტოვოთ აქლემის ყელივით უსწორმასწორო ზოგიერთი ქუჩა და მერცხლის ბუდესავით მიკრული სახლები... არ დავივიწყოთ ძველი თბილისის ,,ხალხური პოეზიის სინოყივრე’’.
მადლობა პოეტო იოსებ, რომ დამანახვე აფერადებული სიძველე თბილისისა, რომ დამაწაფე ბუნებრივ ვეძას – ანკარა წყაროს კოლოროტული პოეზიისას!
Tbilisis #62-e sajaroskolis VIIIg klasis moswavle
Inscription à :
Publier les commentaires (Atom)

Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire